Monthly Archives: September 2018

გზა

ვინ მეტყვის რომელია სწორი გზა. რა გზა უნდა აირჩიოს სრულიად ახალგაზრდა, სამყაროში ახლადთვალებახელილმა ადამიანმა , რომ ქაოსის ლაბირინთებში არ ჩაიკარგოს. გვაქვს კი არჩევანი?

მე სულ ვფიქრობ ამაზე და ვთვლი რომ რეალურად არაფერს გვარჩევინებს ცხოვრება, რეალობა ერთია და არჩევანი მხოლოდ იმაშია შევეწინააღმდეგებით თუ მივიღებთ…..აქაც არაა დიდი მრავალფეროვნება, ყოველგვარი წინააღმდეგობა რეალობისადმი ფსიქიკური აშლილობით სრულდება და რა არის ფსიქიკა, ეს რაღაც მთლიანად განაგებს ყველაფერს, უფრო მეტიც, მხოლოდ ის არსებობს, მის გარეშე არ ასებობს არავითარი ექსისტენცია. და მაშინ ვინ არის ის, ვინც არსებობს, ვინც ირჩევს, ვინც განიცდის….არც არავინ, ეს ფსიქეს ერთიანი მოძრაობაა……

და მაინც, ვინ მეტყვის რომელია სწორი გზა?

თუ ფსიქე ირჩევს, განაგებს, გთავაზობს და გიმორჩილებს, მე ამ გაუგებრობაში რა როლს ვასრულებ? თუ ის ასეთი სრულყოფილია, რაში სჭირდება ჩემი (ანუ ცნობიერის) თანხმობა იმაში , რომ გამთლიანებისკენ იაროს, ან ვინ დაანაწევრა, ის ხომ თავადაა ყველაფრის შემოქმედი?

ამ ქაოსურ ფიქრებში, ერთი რეალობა იკვეთება,ცხოვრება აუცილებლად გთავაზობს ერთ გზას, ციცაბოს, ქარიშხლიანს, ტალახიანს, ტკივილით სავსეს. ყოველი ნაბიჯი აუცილებლად ნების საწინააღმდეგოა, რატომ? არვიცი….ასეა

ყველანაირ კომფორტს გისპობს, თავდაპირველად ის ურჩხულს გავს, რომელიც გდევნის ისე, რომ ამოსუნთქვის საშუალებაც არ გაქვს. გარბიხარ, საით, არ იცი, უბრალოდ ხვდები რომ ასეა საჭირო, სადღაც სიღრმეებიდან ხვდები. გზადაგზა კარგავ ყველაფერს, რაც შენთვის მანამდე ღირებული და ფასეული ყოფილა, ყველას და ყველაფერს და იმდენ ხანს გარბიხარ, სანამ სრულიად შიშველს არ იხილავ საკუთარ თავს. ნაცნობი ქრება, რჩება მხოლოდ მოძრაობა, გარდასახვა მომენტიდან მომენტამდე, სრულიად სხვა ხარ, ახალი….

ჩერდები, წინააღმდეგობა ქრება, მდევარი უცებ დევნილად იქცევა და ბოლოს ორივე ქრება, ფსიქემ დაგბადა ან თავის თავი დაბადა… ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, მთავარია რომ კადრი ჩერდება, ქარიშხალიც ქრება და უღელტეხილიც, მონსტრი რომელიც მოგსდევდა ახლა მშვიდი , კეთილი თვალებით გიყურებს სარკიდან და ხვდები რომ სულ აქ იდექი, არსად წასულხარ, უბრალოდ ბორკილები აღარ გაქვს, აღარ ხარ გამოკეტილი გონების საკანში, სამყაროს უკუდეგანობას გაჰყურებ და ვერ ხვდები , რატომ დაგჭირდა ქარიშხლიანი უღელტეხილი ამის დასანახად.

და მაინც, მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს გზა ქარიშხლიან უღელტეხილზე გადის….

იყო და არა იყო რა..

img_20180904_211417_281845991698.jpgსაიდან დაიწყო არავინ იცის,ერთი იყო, მთლიანი, სავსე, სადღაც ლივლივებდა.
უცებ საიდანღაც მოვიდა ფიქრი და ფიქრმა მოიტანა შიში….. შიში მარტოობის…
შეეშინდა და გაორდა, გასამდა, ბევრი გახდა, გაიხლიჩა და არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა.
თავისი დანაწევრებული სხეული სხვა ეგონა, ისევ შეეშინდა და ლაბირინთად იქცა, საკუთარი თავისკენ მიილტვოდა და თან გაურბოდა. დაიწყო ეპოქა მარადიული ანტაგონიზმის, დაუსრულებელი მისტერია ჯალათისა და მსხვერპლის, მდევნელისა და დევნილის, თაყვანსაცემისა და თაყვანისმცემლის, დემონისა და ღმერთის.
ლაბირინთმა უფრო დაანაწევრა მისი მზერა, ხან მეფე იყო ხან მონა, ხან გოლიათი და ხან ქონდრისკაცი, ხან გმირი და ხან ურჩხული……თუმცა ბოლომდე არასოდეს ესმოდა ამის აზრი.. უცებ ისევ გაიფიქრა, გაიფიქრა და გაღვიძება დაიწყო საკუთარი ზმანებიდან. დაინახა ილუზია საკუთარი ანარეკლისგან რომ შეექმნა. იღვიძებდა და მთლიანდებოდა. ყველაფერი ის ყოფილა, მისი არსი, მისი ექსისტენცია. უცებ ის ფიქრიც დაინახა, რამაც ასეთ ზმანებაში ჩაძირა და გაეღიმა… კვლავ არარსებობაში ჩაძირვა მოუნდა , მაგრამ მიხვდა, რომ არარსებობა და არსებობაც ერთი ყოფილა, მისი სისავსისა და სიცარიელის ანარეკლი მხოლოდ.

ნონა ხიდეშელი — მე ვარ გონება

ცხოვრება მდინარეს გავს, მიედინება შეუჩერებლად, ასეა ჩვენი გონებაც, ის მუდმივ დინამიკაშია , მოძრაობს, იცვლება, გუშინ უკვე სხვა იყო…..მდინარე რომელიც არ მიედინება ჭაობი ხდება, როგორც გონება, რომელიც სიახლეს გაურბის, ეშინია და ეწინააღმდეგება ყოველგვარ უცნობს, ახალს, ცვლილებას , სტაგნაციაში გადადის, ხდება მოსაწყენი, უშინაარსო, უინტერესო. წუხს, შფოთავს, ბორგავს, სჯერა მხოლოდ საკუთარი რეალობის, თავის ჭეშმარიტება აქვს. შიში უცნობის წინაშე, იგივე ობსესიური შიში…. ცალბათ ყველაზე უხილავი ფორმაა შიშის. ვერ გრძნობ რა გაწუხებს, განპირობებული გონება სავსეა ათასობით ” დიადი იდეით” რაც იცავს მას ” უცნობისგან”. იცავს სამშობლოს, ღმერთის , პატრიოტიზმისა თუ სხვა მიმზიდველი იდეის სახელით, რაც ცხოვრების აზრს ჰქმნის, თუმცა არავინ იცის როდის და საიდან დასახლდა გონებაში, გონებას ის ისეთივე უსასრულო და დაუსაბამო ჰგონია , როგორც თავად სამყარო. იდეა ბედნიერ ცხოვრებაზე, ყოველთვის ბლოკავს რეალურ განცდებს, რეალურ შეგრძნებას. პიროვნება ვერასოდეს დაიბადება იქ, სადაცაა ნიმუში, მზა ფორმა პიროვნების, ავტორიტეტი მუდმივად ხელს უშლის ინდივიდის დაბადებას. დაბადება იწყება ნგრევით, ასეთ აფეთქებაში დაბადა თავი ალბათ სამყარომ. საკუთარი აზრით ცხოვრება ყველაზე რთული რამაა სამყაროში, რომელიც სავსეა შაბლონებით, მზა რეცეპტებით, გადარჩენის რელიგიური თუ ნაციონალური მომხიბლავი თეორიებით. გონებაც თვლემს, კონფორტის ზონის დატოვება თვითმკვლელობის ტოლფასია, დაინგრეს სახელი, იმიჯი , რესპექტაბელურობა, მთელი ის ილუზია რის ასაგებადაც ის ათას სივერაგეს იგონებს…..თუმცა ტანჯვასაც ვეღარ უძლებს, რაც რეალურად მისი შეზღუდულობის პროდუქტია, შეზღუდული ცნობიერება ეს დანაწევრებული ცნობიერებაა, გახლეჩილი ათასობით ნაწილად და ყველა ნაწილი ცდილობს დამოუკიდებლად იარსებოს. იწყება დაუსრულებელი კონფლიქტი, რაც გონებას გარეთ გამოაქვს და ამ პროექციით თვითგადარჩენას ცდილობს , თუმცა რაც მეტია მცდელობა , მით უფრო ღრმად ეფლობი ჭაობში სანამ სულ არ გშთანთქავს არარსებობა, იგივე უპიროვნობა……

თუმცა ყველაფერი დიდი აფეთქებით დაიწყო…