იყო და არა იყო რა..

img_20180904_211417_281845991698.jpgსაიდან დაიწყო არავინ იცის,ერთი იყო, მთლიანი, სავსე, სადღაც ლივლივებდა.
უცებ საიდანღაც მოვიდა ფიქრი და ფიქრმა მოიტანა შიში….. შიში მარტოობის…
შეეშინდა და გაორდა, გასამდა, ბევრი გახდა, გაიხლიჩა და არარსებობიდან არსებობაში შემოვიდა.
თავისი დანაწევრებული სხეული სხვა ეგონა, ისევ შეეშინდა და ლაბირინთად იქცა, საკუთარი თავისკენ მიილტვოდა და თან გაურბოდა. დაიწყო ეპოქა მარადიული ანტაგონიზმის, დაუსრულებელი მისტერია ჯალათისა და მსხვერპლის, მდევნელისა და დევნილის, თაყვანსაცემისა და თაყვანისმცემლის, დემონისა და ღმერთის.
ლაბირინთმა უფრო დაანაწევრა მისი მზერა, ხან მეფე იყო ხან მონა, ხან გოლიათი და ხან ქონდრისკაცი, ხან გმირი და ხან ურჩხული……თუმცა ბოლომდე არასოდეს ესმოდა ამის აზრი.. უცებ ისევ გაიფიქრა, გაიფიქრა და გაღვიძება დაიწყო საკუთარი ზმანებიდან. დაინახა ილუზია საკუთარი ანარეკლისგან რომ შეექმნა. იღვიძებდა და მთლიანდებოდა. ყველაფერი ის ყოფილა, მისი არსი, მისი ექსისტენცია. უცებ ის ფიქრიც დაინახა, რამაც ასეთ ზმანებაში ჩაძირა და გაეღიმა… კვლავ არარსებობაში ჩაძირვა მოუნდა , მაგრამ მიხვდა, რომ არარსებობა და არსებობაც ერთი ყოფილა, მისი სისავსისა და სიცარიელის ანარეკლი მხოლოდ.

Leave a comment